01.11.2014

მასწავლებლობა უდიდესი შრომაა

მასწავლებლობა უდიდესი შრომაა, ტვირთია,რომლის ღირსეულად ტარებასაც ბევრი ვერ უძლებს. მერი მასწავლებელმა 48 წელი ზიდა ეს ტვირთი სიყვარულით, სიკეთითა და მზრუნველობით. ხუმრობა საქმე ხომ არ არის წლების მანძილზე ასწავლო ათასზე მეტ მოზარდს მათემატიკა, ადამიანობა, ცხოვრება... 
    2013-14 სასწავლო წელი რომ მთავრდებოდა, მერი მასწავლებელმა თქვა: უნდა წავიდე! ასაკს ვგრძნობო... ყველას ეგონა, ხუმრობდა... მოვიდა ახალი სასწავლო წელი და აღმოჩნდა,რომ მართლაც მიდიოდა!
   სკოლის კედლები, ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები, საზოგადოება... ცრემლმორეული პედაგოგი - მერი თაკვარელია ყვავილებით ხელში... მოგონებები... ბევრი მადლობა... პედაგოგების - ნინელი ხუხიას, ნინო ცხადაიას და ნათია ლატარიას მიერ წარმოდგენილი პროექტი ,,მასწავლებელი" - მერვე, მეცხრე, მეთერთმეტეკლასელთა შესრულებით... ასეთი იყო ოქროსფერი შემოდგომის ღვინობისთვის თხუთმეტი ჩვენს სკოლაში.
   წასვლასაც თავისი ხიბლი აქვს... როგორ ლამაზადაც განვლო თბილისელმა ქალბატონმა ხობში პირადი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი ცხოვრება - ასევე ლამაზად დაემშვიდობა მშობლიურ პირველი მაისის საჯარო სკოლას.
   დიდი მადლობა, მერი მასწავლებელო! დიდი მადლობა!!!


30.10.2014

8 წლის თეიმურაზ კვიკვინიას მნიშვნელოვანი წარმატება

25 ოქტომბერს ბათუმის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები ევროპის თასის გათამაშებაში ჩაერთნენ, ამჯერად საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში. სულ ევროპის 11 ქვეყნის 64-მა მოჭადრაკემ სცადა თავისი შესაძლებლობები 10 და 14-წლამდელთა კატეგორიაში.
  
   10 წლამდე ჭაბუკებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
1.ნიკოლოზ კაჭარავა (საქართველო,რეიტინგი 1814) - 30 ქულა
2.ანდრეი ცვეტკოვი (რუსეთი, რეიტინგი 1875) - 28 ქულა
3.თეიმურაზ კვიკვინია (საქართველო, ურეიტინგო) - 20 ქულა
4.მაქსიმ ცარიუკი (ბელორუსია,რეიტინგი 1638) - 19 ქულა
5.სტეფან პოღოსიანი (რუსეთი, რეიტინგი 1898) - 18 ქულა
  

   8 წლის თეიმურაზისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, მით უფრო რომ ამ ტიპის ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობა. ევროპის თასის მთავარი მსაჯი იყო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციაში -  დავით გურგენიძე.

18.09.2014

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში

17 სექტემბერს დასრულდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის - ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში თავი მოიყარა 260-მდე მოჭადრაკემ მსოფლიოს ათამდე ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ ხობელი მოჭადრაკეებიც.
   მიმდინარე წელს კიდევ ერთი წარმატება მიითვალა აქტივში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინიამ. 8 წლამდე ჭაბუკთა ასაკობრივ კატეგორიაში თავი მოიყარა საქართველოს ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა უძლიერესმა შემადგენლობამ.  რეიტინგიანი ირანელი და სომეხი მოჭადრაკის მონაწილეობა დაძაბულობას მატებდა ტურნირის მიმდინარეობას ამ ასაკობრივ კატეგორიაში.
საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:

1. დანიშვარ ბარდია(ირანი) 9 ქულა
2.თეიმურაზ კვიკვინია (საქართველო, ხობი) 6,5 ქულა
3.ალექსანდრე ყორღანაშვილი (საქართველო, თბილისი) 6 ქულა

ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები, მედლები და ფულადი პრიზები.
    თეიმურაზ კვიკვინიას 18 ოქტომბრიდან დიდი გამოცდა ელის. ის პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე, რომელსაც ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს. თეიმურაზთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ხობელები - დიანა ლომაია და ანა კვიკვინია. წარმატებები!!!






25.08.2014

ეროვნული გამოცდების შედეგები

ცნობილი გახდა ეროვნული გამოცდების შედეგები. რაოდენ სასიხარულოა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით ჩვენი სკოლის 9 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი!
ესენი არიან:
1.ნანა იოსავა - 50-პროცენტიანი გრანტით - თსუ
2.თინათინ კვიკვინია - 50-პროცენტიანი გრანტით - ილიას უნივერსიტეტი
3.ანა კვიკვინია - უფასო ფაკულტეტზე - თსუ
4.ჟორა გაბისონია - უფასო ფაკულტეტზე - ტექნიკური უნივერსიტეტი
5.ნინო დემნას ასული კვიკვინია - თსუ სოხუმის ფილიალი
6.ნინო გოჩას ასული კვიკვინია - თსუ
7.დემური ხიმშიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი
8.საბა გაბრავა - საქართველოს უნივერსიტეტი.
9.მერაბი გაბისონია - საქართველოს უნივერსიტეტი

სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს წარმატებას და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს! გზები დაგვილოცნია! 

28.07.2014

გუნდი ,,ედემი" ბოლნისის ეპარქიაში

ჩვენი სკოლის ნორჩ ინტელექტუალთა გუნდი ,,ედემი" ამა წლის 26-27 ივლისს მიწვეული იყო ბოლნისის ეპარქიაში ექსკურსიით - საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტის მიერ ორგანიზებულ ბიბლიის კონკურსზე წარმატებისთვის.
  ტანძია, ბოლნისის სიონი, კაზრეთის სამება, წუღრუღაშენი - ეს არასრული ჩამონათვალია ქვემო ქართლის ბოლნისის ეპარქიის იმ წმინდა ადგილებისა, რომელიც ექსკურსიით დაჯილდოებულმა საქართველოს 6 სკოლის მოსწავლეებმა მოილოცეს.
  ბოლნისის ეპარქიის წინამძღვარმა - მეუფე ეფრემმა და კონკურსის ორგანიზატორმა, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის წინამძღვარმა - მეუფე სტეფანემ ღირსეულად უმასპინძლეს ბიბლიის კონკურსის გამარჯვებულებს!

26.06.2014

ნიკა ბუკია ილია ვეკუას სახელობის ოლიმპიადის პრიზიორია!

  ჩვენი სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ნიკა ბუკია ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური ოლიმპიადის პრიზიორია. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა ნიკას მესამე ხარისხის დიპლომი სკოლაში გამოუგზავნეს. ნიკამ მიმდინარე სასწავლო წელს არაერთ ოლიმპიადაზე ისახელა თავი. მისი პედაგოგია ქალბატონი ბელა ლაგვილავა!

თეიმურაზ კვიკვინიას კიდევ ერთი წარმატება

 12-21 ივნისს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა 8 და 12 წლამდე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშებას ჭადრაკში, სადაც ხობის მუნიციპალიტეტის ღირსებას იცავდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 8 წლამდე ჭაბუკებში - თეიმურაზ კვიკვინია. საუკეთესო მოჭადრაკეებთან დაძაბულ პაექრობაში თეიმურაზმა 9 შესაძლებლიდან 7 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა!