24.02.2015

კვლევის შედეგები დაწყებით საფეხურზე


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლებში რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ განათლების სფეროში საქართველოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა დონე ტექსტების კითხვასა და გააზრებაში არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

  ჩვენი სკოლის დირექციამ საჭიროდ ჩათვალა ამ მიმართულებით ჩაეტარებინა კვლევა დაწყებით საფეხურზე - მე-2 - მე-6 კლასებში. შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით:1.კობა კვიკვინია(სკოლის დირექტორი), 2.ცისანა რატია (დირექტორის მოადგილე),3.ნინელი ხუხია(სერტიფიცირებული პედაგოგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში),4.ბელა ლაგვილავა(სერტიფიცირებული პედაგოგი დაწყებით განათლებაში).
   კომისიამ 2 კვირა იმუშავა და დადო შემდეგი შედეგები:

კატეგორია - სწრაფად და სწორად კითხვა
გამოიკითხა დაწყებითი საფეხურის 78 მოსწავლე
სტატისტიკა ასეთია:
მაღალი მაჩვენებელი - 35 მოსწავლე - 44,9 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 30 მოსწავლე - 37,8 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 13 მოსწავლე - 17,3 პროცენტი


კატეგორია - ლექსიკური მარაგი
მაღალი მაჩვენებელი - 36 მოსწავლე - 46,2 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 37 მოსწავლე - 47,4 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 5 მოსწავლე - 6,4 პროცენტი


კატეგორია - ლიტერატურული ტექსტის გააზრება
გამოიკითხა 65 მოსწავლე (მესამე-მეექვსე კლასები)
ძალიან კარგი მაჩვენებელი - 6 მოსწავლე - 9,3 პროცენტი
კარგი მაჩვენებელი - 27 მოსწავლე - 41,5 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 23 მოსწავლე - 35,4 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 9 მოსწავლე - 13,8 პროცენტი


კატეგორია - საინფორმაციო ტექსტის გააზრება
ძალიან კარგი მაჩვენებელი - 20 მოსწავლე - 30,8 პროცენტი
კარგი მაჩვენებელი - 24 მოსწავლე - 36,9 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 13 მოსწავლე - 20 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 8 მოსწავლე - 12,3 პროცენტი



  კვლევამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, განსაკუთრებით სპორტული ინტერესი იგრძნობოდა სწრაფად და სწორად კითხვის კატეგორიაში.
  ანალოგიური კვლევა იგეგმება აპრილის თვეშიც. მოსწავლეები შეეცდებიან გააუმჯობესონ შედეგები.

19.02.2015

მასწავლებელი - სახელად დურუ კობახიძე...


ათეული წლები გაატარა ხობის რაიონის ესტატე შუშანიას სახელობის პირველი
მაისის საჯარო სკოლაში... ახსოვს ყველას, ვისაც ეს სკოლა დაუმთავრებია...
     მასთან მიდიოდნენ, ეკითხებოდნენ, მისგან სწავლობდნენ ფიზიკას... და არა მარტო ფიზიკას - ცხოვრებას! დახვეწილი ინტელიგენტი წლების მანძილზე კოხტად დაიარებოდა ჩვენი სოფლის ქუჩებში... უყვარდათ... აფასებდნენ...
  ,,ვაჰ, დრონი, დრონი..." წავიდა... აღარ არის ჩვენთან მასწავლებელი - სახელად დურუ კობახიძე...
   მარადიული ხსოვნა... ნათელი მის სულს...
   

08.02.2015

საჭადრაკო წარმატებები

 4-8 თებერვალს, ქ. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 18, 14, 10 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და წალენჯიხის 100-მდე მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. 
     კლასიკურ ჭადრაკში თავი გამოიჩინეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა - თეიმურაზ და ანა კვიკვინიებმა. თეიმურაზი 10 წლამდე ჭაბუკთა კატეგორიაში მეორე ადგილზე, ხოლო ანა 14 წლამდე გოგონათა კატეგორიაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
   ტურნირის დასკვნით დღეს ჩატარდა რეგიონის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში 3-წუთიანი დროის კონტროლით - ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.დაძაბული პაექრობები 10 წლამდე კატეგორიის ჭაბუკთა შორის საბოლოოდ თეიმურაზ კვიკვინიას გამარჯვებით დასრულდა.  
   სხვა ასაკობრივ კატეგორიებს მარტის დასაწყისში ქალაქი ზუგდიდი უმასპინძლებს.

01.01.2015

მერვეკლასელთა ღია საახალწლო გაკვეთილი

 მეტად სახალისო და თვალსასეირო გამოდგა ღია საახალწლო გაკვეთილი მერვეკლასელთა მონაწილეობით,  პედაგოგ ნინელი ხუხიას ხელმძღვანელობით. კლასი ორ გუნდად გაიყო. გოგონების გუნდი ,,მეკვლე" პოლინა ფილიპიას კაპიტნობით - ჭაბუკთა გუნდ ,,ზამთარ"-ს(კაპიტანი ჯანო გაბისონია) დაუპირისპირდა:საახალწლო თემის ცოდნაში, სიმღერაში, პოეზიაში, სხვადასხვა სახის სახალისო დავალებების შესრულებაში...
   გაკვეთილის ბოლოს სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კონკურსში „ბავშვის თვალით დანახული სასამართლო“ გამარჯვებული ნახატის ავტორს პოლინა ფილიპიას კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება და გადასცა გამარჯვებულისათვის განკუთვნილი სერთიფიკატი და სპეციალური პრიზები.

    სკოლის დირექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა დამრიგებელ ნინელი ხუხიას აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის...

თ.ლომაიას მემორიალი

თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თ.ლომაიას რესპუბლიკური მემორიალი ჭადრაკში.
   ხობელთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიკა ბუკიამ(მწვრთნელი - ირაკლი გეთია). მან 7 შესაძლებლიდან 6 ქულით მე-2-მე-4 ადგილები გაიყო და დამატებითი კოეფიციენტებით ერგო მე-4 ადგილი. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
   ნიკა ბუკია ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მან არაერთ საგნობრივ ოლიმპიადაზეც ისახელა 2014 წელს თავი. ვულოცავთ ნიკას წარმატებებს და ვუსურვებთ 2015 წელს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!

30.12.2014

მრავალ ახალ წელს!!! (ფოტო)

 საახალწლო ჟრიამული სუფევდა პირველი მაისის საჯარო სკოლაში... კლასები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ - ვინ უკეთ მორთავდა საკლასო ოთახს, ვინ უკეთ იტყოდა ლექსს, ვინ უკეთ იმღერებდა...
   საახალწლო თემაზე ღია გაკვეთილი-ვიქტორინა მოაწყო მე-8 კლასმა (პედაგოგი ნინელი ხუხია)... ქართულ-ინგლისურად მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი პირველმა კლასმა (პედაგოგები დალი თევზაძე და ფატიმან არახამია)... შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო მეოთხეკლასელთა საახალწლო მინი-სპექტაკლი(პედაგოგი ლალი ფეტელავა).
   დღის მთავარი წარმოდგენა სოფლის კლუბის სცენაზე გაიმართა.სალომე ჯოლოხავას მეცხრე კლასი წარდგა სოფლის საზოგადოების წინაშე. სცენა, გემოვნებიანი კოსტუმები, დახვეწილი ჩაცმულობა, ლამაზი მელოდია, ძლიერი ხმები, იუმორისტული სკეჩები, ქართული და უცხოური ცეკვები... იყო ყველაფერი, რაც შეეფერება საახალწლო განწყობილებას... 
   დასასრულს სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, მეცხრე კლასს და მის დამრიგებელს - სალომე ჯოლოხავას. დიპლომი გადასცა მას აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ხოლო მეექვსე კლასის დამრიგებელ ლალი ბუკიას სიგელი გადაეცა კლასის საუკეთესო საახალწლო მორთულობისათვის.
   მრავალ ახალ წელს!!!

ზუგდიდის საახალწლო ფესტივალი

 ზუგდიდის საახალწლო ფესტივალი 10 წლამდე მოჭადრაკეთა კატეგორიაში პირველმაისელი და-ძმის - ანა და თეიმურაზ კვიკვინიების გამარჯვებით დასრულდა!
  2014 წლის საქართველოს ჩემპიონმა 8 წლამდე კატეგორიაში თეიმურაზ კვიკვინიამ 9 შესაძლებლიდან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო 2014 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონს 10 წლამდე კატეგორიაში - ზუგდიდელ გიორგი ნაყოფიას. მესამე ადგილი კი 6,5 ქულით წილად ხვდა ანა კვიკვინიას. ეს შედეგი გოგონათა შორის საუკეთესო იყო.
  ღია ტურნირში შესაბამისად მე-12 და მე-15 შედეგები აჩვენეს ხობელებმა - ლუკა შამუგიამ და გიორგი ლატარიამ.
   ფესტივალმა სულ ასამდე რეგიონის მოჭადრაკეს მოუყარა თავი. პრიზიორები თასებით,  მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.