01.01.2015

მერვეკლასელთა ღია საახალწლო გაკვეთილი

 მეტად სახალისო და თვალსასეირო გამოდგა ღია საახალწლო გაკვეთილი მერვეკლასელთა მონაწილეობით,  პედაგოგ ნინელი ხუხიას ხელმძღვანელობით. კლასი ორ გუნდად გაიყო. გოგონების გუნდი ,,მეკვლე" პოლინა ფილიპიას კაპიტნობით - ჭაბუკთა გუნდ ,,ზამთარ"-ს(კაპიტანი ჯანო გაბისონია) დაუპირისპირდა:საახალწლო თემის ცოდნაში, სიმღერაში, პოეზიაში, სხვადასხვა სახის სახალისო დავალებების შესრულებაში...
   გაკვეთილის ბოლოს სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კონკურსში „ბავშვის თვალით დანახული სასამართლო“ გამარჯვებული ნახატის ავტორს პოლინა ფილიპიას კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება და გადასცა გამარჯვებულისათვის განკუთვნილი სერთიფიკატი და სპეციალური პრიზები.

    სკოლის დირექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა დამრიგებელ ნინელი ხუხიას აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის...

თ.ლომაიას მემორიალი

თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თ.ლომაიას რესპუბლიკური მემორიალი ჭადრაკში.
   ხობელთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიკა ბუკიამ(მწვრთნელი - ირაკლი გეთია). მან 7 შესაძლებლიდან 6 ქულით მე-2-მე-4 ადგილები გაიყო და დამატებითი კოეფიციენტებით ერგო მე-4 ადგილი. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
   ნიკა ბუკია ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მან არაერთ საგნობრივ ოლიმპიადაზეც ისახელა 2014 წელს თავი. ვულოცავთ ნიკას წარმატებებს და ვუსურვებთ 2015 წელს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!

30.12.2014

მრავალ ახალ წელს!!! (ფოტო)

 საახალწლო ჟრიამული სუფევდა პირველი მაისის საჯარო სკოლაში... კლასები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ - ვინ უკეთ მორთავდა საკლასო ოთახს, ვინ უკეთ იტყოდა ლექსს, ვინ უკეთ იმღერებდა...
   საახალწლო თემაზე ღია გაკვეთილი-ვიქტორინა მოაწყო მე-8 კლასმა (პედაგოგი ნინელი ხუხია)... ქართულ-ინგლისურად მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი პირველმა კლასმა (პედაგოგები დალი თევზაძე და ფატიმან არახამია)... შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო მეოთხეკლასელთა საახალწლო მინი-სპექტაკლი(პედაგოგი ლალი ფეტელავა).
   დღის მთავარი წარმოდგენა სოფლის კლუბის სცენაზე გაიმართა.სალომე ჯოლოხავას მეცხრე კლასი წარდგა სოფლის საზოგადოების წინაშე. სცენა, გემოვნებიანი კოსტუმები, დახვეწილი ჩაცმულობა, ლამაზი მელოდია, ძლიერი ხმები, იუმორისტული სკეჩები, ქართული და უცხოური ცეკვები... იყო ყველაფერი, რაც შეეფერება საახალწლო განწყობილებას... 
   დასასრულს სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, მეცხრე კლასს და მის დამრიგებელს - სალომე ჯოლოხავას. დიპლომი გადასცა მას აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ხოლო მეექვსე კლასის დამრიგებელ ლალი ბუკიას სიგელი გადაეცა კლასის საუკეთესო საახალწლო მორთულობისათვის.
   მრავალ ახალ წელს!!!

ზუგდიდის საახალწლო ფესტივალი

 ზუგდიდის საახალწლო ფესტივალი 10 წლამდე მოჭადრაკეთა კატეგორიაში პირველმაისელი და-ძმის - ანა და თეიმურაზ კვიკვინიების გამარჯვებით დასრულდა!
  2014 წლის საქართველოს ჩემპიონმა 8 წლამდე კატეგორიაში თეიმურაზ კვიკვინიამ 9 შესაძლებლიდან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო 2014 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონს 10 წლამდე კატეგორიაში - ზუგდიდელ გიორგი ნაყოფიას. მესამე ადგილი კი 6,5 ქულით წილად ხვდა ანა კვიკვინიას. ეს შედეგი გოგონათა შორის საუკეთესო იყო.
  ღია ტურნირში შესაბამისად მე-12 და მე-15 შედეგები აჩვენეს ხობელებმა - ლუკა შამუგიამ და გიორგი ლატარიამ.
   ფესტივალმა სულ ასამდე რეგიონის მოჭადრაკეს მოუყარა თავი. პრიზიორები თასებით,  მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

20.12.2014

,,ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი"

 19 დეკემბერს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ქართველი პოეტი ქალის, ანა კალანდაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - ,,ანა ,კალანდაძე - პოეზიის დედოფალი"- მეხუთეკლასელთა მონაწილეობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო ცხადაიას ხელმძღვანელობით. კლასის ოთხმა ჯგუფმა იმუშავა პოეტის იუბილესადმი მიძღვნილი კედლის გაზეთების შექმნაზე, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის პოეზიაზე შექმნილი სიმღერების ფონზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, ასევე პოეტის ლექსების შინაარსის მიხედვით გაკეთდა ნახატების გამოფენა.

19.12.2014

მათემატიკა - ,,კინგსი"-ს ფინალისტები

,,კინგსი"-ს ფინალისტები გახდნენ მათემატიკაში ჩვენი სკოლის მოსწავლეები:
1.ნუკრი თოდუა - მე-2 კლასი (პედაგოგი ბელა ლაგვილავა)
2. ნიკა ბუკია - მე-3 კლასი (პედაგოგი ბელა ლაგვილავა)
3.ნატრული მებონია - მე-4 კლასი (პედაგოგი ლალი ფეტელავა)
4.ლევანი ბუკია - მე-4 კლასი (პედაგოგი ლალი ფეტელავა)
5.თეიმურაზ კვიკვინია - მე-4 კლასი (პედაგოგი ლალი ფეტელავა)
6.ქეთევან გაბრავა - მე-5 კლასი (პედაგოგი კობა კვიკვინია)
7.ანა კვიკვინია - მე-5 კლასი (პედაგოგი კობა კვიკვინია)

ფინალი გაიმართება 21 დეკემბერს.

14.12.2014

პედაგოგი ნათია ლატარია ოთხი შვილის დედაა!!!!

  
2014 წლის 6 ნოემბერს ქვეყანას ტყუპი ძმა - გაბრიელი და ნიკოლოზი მოევლინა! ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელი - ნათია ლატარია და მისი მეუღლე - დათო ქირია  უკვე ოთხგზის მშობლები და ჩვენი დროის გმირები  არიან!
      სკოლის დირექცია ულოცავს ოჯახს ბრწყინვალე მოვლენას!
      გფარავდეთ უფალი!