ესტატე შუშანია |
ესტატე ბესარიონის ძე შუშანია დაიბადა 1871
წელს ხეთაში, იმ უბანში, სადაც ახლა სოფელი პირველი მაისი მდებარეობს. სენაკის სასულიერო
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში,
რომელიც 1891 წელს დაამთავრა.
ესტატე
შუშანიას დიდი ძალისხმევით 1891 წელს გურია – სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო ოლქის საბჭომ
ერთკლასიანი (სამწლიანი) სამრევლო სკოლა გახსნა
სოფელ ხეთის საკვიკვინიოს უბანში, წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესიასთან. ესტატეს მამისეული
მამულიდან ჩამოუჭრია მიწის ნაკვეთი და საკუთარი ხარჯებით აუშენებია სკოლა, შეუძენია
წიგნები, რვეულები, ინვენტარი, მოუწვევია პედაგოგები, რომლებსაც ხელფასს უხდიდა.
,,ესტატეს სკოლაში“ სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობდა.
გაზეთ ,,კვალის“ რედაქტორის, ანასტასია თუმანიშვილის სიტყვებით: ,,ეს სკოლა ყოველმხრივ
სასურველ წარმატებაში შევიდა. აქ სათანადოდ არის დაყენებული ქართული და რუსული ენის
სწავლება, რაც დაამტკიცა შეგირდთა წლიურმა გამოცდამ. ეს სკოლა ღირსია ჩვენი საზოგადოების
დახმარებისა და თანაგრძნობისა. მასწავლებელი ე.შუშანია დაუღალავად ზრუნავს იმაზე, რომ
ახალგაზრდობას შეასწავლოს დედა ენა. მან გახსნა აგრეთვე საკვირაო სკოლა და დასვენების დღეს მოზრდილთა სწავლას
ანდომებს.“ (,,კვალი“ 1894 წელი N 34).
ესტატე შუშანიას სამრევლო სკოლა ,,ქართველთა
შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გეგმით ახორციელებდა საგანმანათლებლო
საქმინაობას. მწერალი იპოლიტე ვართაგავა წერდა: ,, ესტატე შუშანია იყო კულტურული, დიდად
სასარგებლო მუშაკი. ის იყო ნამდვილი თავდადებული სოფლის განმანათლებელი მასწავლებელი.
სწორედ ასეთი მასწავლებლები ახორციელებდნენ იმ ეროვნულ მიზნებს, რისთვისაც იბრძოდნენ
ჩვენი დიდი მოღვაწენი, დიდი პოეტები – ილია და აკაკი. უშედეგოდ დარჩებოდა ის საღი პედაგოგიური
პრინციპები, თუ მათ ადგილზე არ ეყოლებოდათ ესტატესავით უანგარო და პრინციპული მასწავლებლები.
‘’
ესტატეს მოღვაწეობა მხოლოდ ამ სკოლით არ შემოიფარგლება.
იგი 1902 – 1906 წლებში ძველი სენაკის სათავადაზნაურო
სასწავლებელში, ხოლო 1912 – 1914 წლებში ხობის
მონასტერთან არსებულ სკოლაში მუშაობდა. 1915 წლიდან კი ხორგის უმაღლესი დაწყებით სასწავლებლის
გამგე – ინსპექტორი იყო. 1920 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე (1931 წლის 21 იანვარი)
ხეთის 9-წლიან შრომის სკოლაში იღვაწა.