სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. 14 წლის
ვის უხარია წაგება?! - არავის!
ჭადრაკში პარტია ყაიმით თუ არ დამთავრდა - ან ერთი მხარე იმარჯვებს, ან - მეორე. ამჟამად 14 წლის ვარ და 7 წლის ასაკიდან არაერთ საჭადრაკო ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. მინახავს აცრემლებული ბავშვები, აგრესიული მშობლები და მწვრთნელებიც კი. სიმართლე გითხრათ, მეც არაერთხელ მიტირია წაგებული პარტიის გამო.
როდესაც ბავშვი პარტიას აგებს, ის თავისთავად განიცდის და როცა ამას მისთვის ყველაზე ახლობელი, ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებების - მშობლების და მწვრთნელის აგრესია ემატება - მარცხი ათმაგად უფრო მტკივნეული ხდება.
ვფიქრობ, რომ ჭადრაკის პარტიის წაგების გამო შვილისა თუ მოსწავლისთვის დაყვირება და ჩხუბი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება, რაც შეიძლება მშობელმა და მწვრთნელმა ჩაიდინოს. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რა განცდებშია ამ დროს ბავშვი.
ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოციური ტრავმა, რასაც ბავშვები განიცდიან ზოგიერთი გაბრაზებული მშობლისა თუ მწვრთნელისაგან. ნაცვლად იმისა, რომ ანუგეშონ, შრომისმოყვარეობისკენ მოუწოდონ, პატარაობიდანვე სატანჯველად იმეტებენ შვილებსა და მოსწავლეებს.
იმედგაცრუებული და გაბრაზებული მშობლებისა და მწვრთნელებისაგან ხშირად გამიგია: ,,სულელო!“,, ბრიყვო!“,, დებილო!“... იმ ბავშვთან როგორ წააგე?!“ „რისთვის ვხარჯავთ ამდენ დროს, ამდენ თანხას?! წადი და მეჯოგე პავლეს ეთამაშე, შე კურდღელო!“ „თვალით არ დამენახო!“ „მოხვალ შენ სახლში!“
ზოგიერთი მშობლისთვის ბავშვის ცემაც არ არის უცხო, ზოგიერთ მწვრთნელს დამარცხებული მოსწავლის მიმართ უამრავი ცინიკური სიტყვა აქვს - ისეთებიც კი, რომლის დაწერაც მერიდება.
რამდენჯერ მიფიქრია, კიდევ კარგი - ასეთი მშობლები არ მყავს!
რამდენჯერ მიფიქრია - ასეთი მშობლები რომ მყავდეს ჭადრაკი შემზიზღდებოდა, შემძულდებოდა! ვიფიქრებდი, რომ არც დედას ვუყვარვარ, არც მამას, არც მწვრთნელს და არც არავის! იქნებ ჩემი თავიც კი შემძულებოდა - წაგებული! ასე მგონია ვერც ჭადრაკში მივაღწევდი რამეს და ვერც ნებისმიერ სხვა საქმეში.
მახსენდება ერთი პატარა გოგონა, რომელთანაც არაერთხელ მითამაშია საჭადრაკო ტურნირებზე. ბავშვი შუა პარტიის დროს იწყებდა ტირილს. არადა, იმ მომენტში წასაგები პოზიცია სულაც არ ჰქონდა. თუ წასაგები პოზიცია არ ჰქონდა - რა ატირებდა?! - ატირებდა ის, რომ ადრე 3 წლით უფროსებში აღწევდა კარგ შედეგებს, ახლა კი ჩემპიონობას უგეგმავდნენ. გრძნობდა, რომ არ შესწევდა ძალა და იწყებდა ტირილს. უფროსების არასწორმა მიდგომებმა და მოთხოვნებმა ბავშვს ჯანმრთელობა შეურყია. ერთ დროს საყვარელი თამაში მისთვის ტანჯვა-წამებად იქცა. ერთ დღეს კი გავიგეთ, რომ მან მიატოვა ჭადრაკი.
ვთვლი, რომ ბავშვმაც, მშობელმაც და მწვრთნელმაც წაგება უნდა აღიქვას როგორც კარგი გაკვეთილი. ბავშვებს გვჭირდება მშვიდი, აუღელვებელი მითითება - რათა შეცდომებზე ვისწავლოთ, სამომავლოდ გავითვალისწინოთ.
ზოგჯერ უფროსებს ავიწყდებათ, რომ სწავლა სიბერემდეა!
რომ სხვა შეიძლება უფრო ნიჭიერი იყოს!
რომ სხვა შეიძლება უფრო შრომისმოყვარე იყოს!
რომ სხვას შეიძლება უკეთესი პირობები ჰქონდეს!
რომ სხვას შეიძლება უკეთესი მწვრთნელი ჰყავდეს!
უფროსებმა პატარებს უნდა შეუქმნან ისეთი გარემო, სადაც ბავშვი იქნება ბედნიერი, სიხარულით ითამაშებს, ივარჯიშებს, ისწავლის, თამამად მიიღებს გადაწყვეტილებებს, არ შეეშინდება დამარცხების. ყოველი წაგებული პარტიიდან გააკეთებს სწორ დასკვნას და მომავალში ეცდება პარტიის ხარისხის გაუმჯობესებას! მშობლებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ყველა ვერ გახდება ჩემპიონი! ყველა არ არის დაბადებული ჭადრაკისთვის!