2015 წლის 1-7 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწვრთნელის - ალექსანდრე ბოკუჩავას ხსოვნისადმი მიძღვნილი სარეიტინგო რესპუბლიკური ტურნირი 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე - ანა და თეიმურაზ კვიკვინიები. უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირმა თავი მოუყარა ძალიან ძლიერ შემადგენლობას. თეიმურაზ კვიკვინია ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე იყო(9 წლის). მიუხედავად ამისა, მან 7 შესაძლებლიდან 3,5 ქულას მოუყარა თავი და საერთაშორისო რეიტინგშიც 4 პუნქტი მოემატა.
ტურნირის მიმდინარეობისას თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის წინადადებით თეიმურაზს საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო ერთდროული თამაშის სეანსში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის - ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ. ლეგენდარულ ჩემპიონს აკადემიის 10 საუკეთესო ნორჩი მოჭადრაკე დაუპირისპირდა. თეიმურაზის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პარტიაში სერიოზული მატერიალური უპირატესობა მიიღო, თუმცა დროის სწორად გადანაწილება ვერ მოახერხა და პარტიაც ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანა... მიიღო დიდი გამოცდილება და რწმენა იმისა, რომ სწორი სვლებით ნებისმიერ მეტოქესთან შესაძლებელია წარმატების მიღწევა! 2015 წლის 4 აპრილი - შეხვედრა დიდ ჩემპიონთან - დაუვიწყარი იქნება ნორჩი ჩემპიონისთვის...