22.04.2015

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

  
22 აპრილს სრულიად საქართველოს საჯარო სკოლებმა აღნიშნეს დედამიწის დღე. ჩვენმა სკოლამ დედამიწის თემას კვირეული მიუძღვნა, რომელსაც დაწყებითი კლასების პედაგოგები - ბელა ლაგვილავა და ლალი ფეტელავა ხელმძღვანელობდნენ.
   კვირეულში მონაწილეობა მიიღო პირველი მაისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლემ. პირველ დღეს პროექტორის მეშვეობით ისინი გაეცნენ იმ პრობლემებს, რაც აწუხებს დედამიწას. სლაიდებად წარმოდგენილ თითოეულ პრობლემაზე მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. პრეზენტაციის დასრულებას მოყვა მაიკლ ჯექსონის კლიპის, ხოლო შემდეგ 10-წუთიანი ფილმის ჩვენება სამყაროში არსებული ეკოლოგიური კატასტროფების გასააზრებლად.
    კვირეულის მეორე დღე დაეთმო ესსეს წერას თემაზე ,,დედამიწის ჩივილი". მოსწავლეებს წინა დღეს ნანახის და გაგონილის მიხედვით ფურცლებზე უნდა გადაეტანათ თავიანთი ემოცია, დამოკიდებულება ზოგადსაკაცობრიო პრობლემების მიმართ.
     კვირეულის მესამე დღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა თავიანთი დამოკიდებულება დედამიწის თემის მიმართ ნახატებში გამოსახეს.
      მეოთხე დღეს პირველკლასელები(დამრიგებელი დალი თევზაძე) მშობლების და პედაგოგების წინაშე ლექსებით წარდგნენ.
     მეორეკლასელებმა ლექსებთან ერთად სიმღერებით გამოხატეს დედამიწის სიყვარული ( დამრიგებელი ბელა ლაგვილავა, მუსიკის მასწავლებელი ბელა ბუკია).
       მესამეკლასელები(დამრიგებელი ბელა ლაგვილავა) ინტელექტუალური კონკურსით ,,საუკეთესო დედამიწელი" წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ფინალურ ეტაპზე ანრი ბერაიასა და ნიკა ბუკიას პაექრობა ნიკას გამარჯვებით დასრულდა. მოსწავლეებმა საკმაოდ რთულ კითხვებს გასცეს დამაჯერებელი პასუხები.
      მეოთხე დღის ღონისძიების ფინალური გამოსვლა მეოთხეკლასელთა (დამრიგებელი ლალი ფეტელავა) თეატრალიზებული წარმოდგენა იყო. მოსწავლეებმა განსაკუთრებული არტისტიზმით მონუსხეს მაყურებელი. იცეკვეს, იმღერეს, დაუკრეს ფორტეპიანოზე და თავიანთი სათქმელიც თამამად თქვეს:..დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას!"
     კვირეულის მეხუთე დღეს მეექვსე კლასმა (დამრიგებელი ლალი ბუკია) თავისი საკლასო ოთახი მოაწყო დედამიწის პრობლემებზე სასაუბროდ. მოსწავლეები ყვებოდნენ სანაგვე ურნების დანიშნულებაზე, სკოლაში სისუფთავის დაცვაზე,უამრავ ტკივილზე, რომელზეც ჩივის დედამიწა.
     დასასრულს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს სხვადასხვა ნერგები, როგორც დედამიწის გადარჩენის და კეთილი მომავლის სიმბოლო!