14.03.2017

რა ვიცით სკოლების შესახებ


საქართველოში 2100-მდე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი სასკოლო ცხოვრება აქვს, რაზეც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სკოლის ადგილმდებარეობა, მოსწავლეების რაოდენობა, სკოლის ცხოვრებაში დამკვიდრებული ტრადიციები, სწავლისა და სწავლების პრაქტიკა, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის რა გზებს ირჩევს სკოლა, რათა დაინტერესებულ ადამიანებს გამოცდილება, შესაძლებლობები, მიღწევები ან სკოლის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნოს? რა ვიცით სკოლების შესახებ და როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას?
სკოლები ძალისხმევას ნაკლებად ხარჯავენ იმისათვის, რომ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნონ. მსგავსი ინფორმაცია, ძირითადად, არა უშუალოდ სკოლისგან, არამედ სხვების ნაამბობისა და შთაბეჭდილებების მიხედვით ვრცელდება, რაც პირად გამოცდილებას ეყრდნობა და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია.
სკოლებისთვის სავალდებულო აქტივობა სკოლის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაა, რომელსაც სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. ანგარიშებს სკოლები ვებგვერდზე აქვეყნებენ. სპეციალისტების შეფასებით, ეს ანგარიშები უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავს და მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს, დაფინანსებისა და ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ასახავს.

რა ინფორმაციას იღებს სკოლით დაინტერესებული ადამიანი? საჯარო სკოლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება, მეტწილად სასკოლო ღონისძიებებს, მაგალითად, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ჩატარებული პრეზენტაციებისა ან ღია გაკვეთილების ფოტოებს ასახავს, რაც, სპეციალისტების შეფასებით, დაინტერესებულ ადამიანებს ნაკლებად აწვდის ინფორმაციას უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესის შესახებ - რა მიღწევები აქვს სკოლას; როგორ უმკლავდება გამოწვევებს; ვინ ეხმარება განვითარებაში.
მიუხედევად იმისა, რომ დღითი დღე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებისთვისაც უფრო სასურველია დადასტურებული ინფორმაცია უშუალოდ სკოლებიდან მიიღონ,  სკოლები ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ პასუხობენ,- ამბობს განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე და განმარტავს, რომ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხი სკოლის ვებგვერდია.
„მართალია, სკოლების 90%-ს ოფიციალური ვებგვერდი აქვთ, მაგრამ იქ განთავსებული ინფორმაცია თითქმის არ პასუხობს იმ კითხვებს, რაც დაინტერესებულ ადამიანებს სკოლის შესახებ შეიძლება გააჩნდეთ. იქ განთავსებული ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში სკოლის, როგორც სამართლის სუბიექტის დადასტურებაა და არანაირად არ აღწერს სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს“, - ამბობს გიორგი გახელაძე.
გარდა ამისა, ის ყურადღებას საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც, სკოლა „ბავშვის აღზრდა-განათლებაზე პასუხისმგებელი დახურული ინსტიტუციაა“, შესაბამისად, ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის მიღება და გავრცელება სკოლებისთვისაც მეორეხარისხოვანი საზრუნავია. გახელაძის თქმით, შედეგად ვიღებთ იმას, რომ სკოლების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება არა უშუალოდ სკოლისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც რაიმე ფორმით ურთიერთობა ჰქონიათ ამა თუ იმ სკოლასთან. სხვა პირების ნაამბობი კი,  შესაძლოა განსხვავებული იყოს და სკოლის შესახებ რეალურ წარმოდგენას ვერ ქმნიდეს.
სკოლის მცდელობა - ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას - განსხვავებულია დედაქალაქისა და რეგიონების შემთხვევაში. მაგალითად, თბილისის დიდკონტინგენტიანი სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ ახალი მოსწავლეების მოსაზიდად სპეციალურ საქმიანობებს არ გეგმავენ. მიაჩნიათ, რომ მათი სკოლის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ისედაც ფლობს.
„ახალი მოსწავლეების მოსაზიდად განსაკუთრებულ აქცენტს არ ვაკეთებთ. ძირითადად, ჩვენთან ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების შვილები, შვილიშვილები სწავლობენ, მათ სკოლის შესახებ ინფორმაცია ისედაც აქვთ. აქ მოსული მოსწავლის მშობელი სკოლის საქმიანობის შესახებ უკვე ინფორმირებულია“,- ამბობს თბილისის #50-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ალიბეგაშვილი.
სკოლის დირექტორები მშობლებთან კომუნიკაციისას ყველაზე გავრცელებულ საშუალებებად ყოველთვიურ მშობელთა კრებებს, პერიოდულად სასკოლო ცხოვრებაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით ღია კარის დღეებს, ასევე, ტელეფონით (მოკლე ტექსტური შეტყობინებებით) და სოციალური ქსელების მეშვეობით კომუნიკაციას ასახელებენ.
ქალაქის დიდკონტინგენტიანი სკოლებისგან განსხვავებით, სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლებს მოსწავლეების შენარჩუნებისთვის მუდმივი ზრუნვა უწევთ, ამიტომ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მეტად ცდილობენ.
მაგალითად, სოფლის საბავშვო ბაღში ყოველწლიურად დამამთავრებელი ჯგუფის მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავენ ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები. როგორც სკოლის დირექტორი, კობა კვიკვინია ჰყვება, მასწავლებლები მშობლებს უხსნიან, რა პირობებია სკოლაში, რა პრიორიტეტები აქვთ, როგორი გარემო დახვდებათ იქ მათ შვილებს.
„სოფლის სკოლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მოსწავლეების შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან კომუნიკაცია. მათ უნდა იცოდნენ, რომ სოფელში არსებობს სკოლა, სადაც კარგი სასწავლო გარემოა, პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, რაც ბავშვების არაფორმალურ განათლებას უწყობს ხელს. ჩვენ რამდენიმე ასეთ პროექტში ვართ ჩართული. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჭადრაკის შემსწავლელ გაკვეთილებს ვატარებთ“, - ამბობს ის.  
შვილისთვის სკოლის შერჩევისას ნაცნობების რჩევა გაითვალისწინა თეონა დეკანოსიძემ. მისი შვილი სექტემბერში თბილისის #39-ე საჯარო სკოლის პირველ კლასში შევა. 
„ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით არჩევანს ვერ გავაკეთებდი. ვერც სათითაოდ შემოვივლიდი რაიონში ახლომახლო მდებარე სკოლებს, რომ დირექტორს გავსაუბრებოდი. ჩემთვის პირველ რიგში საინტერესო იყო, გამეგო ინფორმაცია მასწავლებლების შესახებ: როგორ ასწავლიდნენ, რას ასწავლიდნენ, როგორი დამოკიდებულებები ჰქონდათ მოსწავლეებთან. ამგვარი ინფორმაციის მიღება ნაცნობების დახმარებით უფრო ადვილია“, - ამბობს თეონა დეკანოსიძე.
თუმცა, ნაცნობების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხანდახან მოლოდინს არ ამართლებს,- ამბობს ასმათ ტყეშელაშვილი. მისი შვილი მეთორმეტე კლასელია და თბილისის #53-ე  საჯარო სკოლაში სწავლობს. აქამდე კი მან სამი სხვადასხვა სკოლა გამოიცვალა: „როცა არადამაკმაყოფილებელი სასწავლო გარემო მხვდებოდა, გამოსავლად სხვა სკოლაში გადაყვანას ვირჩევდი. ერთადერთი მიზანი იმგვარი სასკოლო გარემოს პოვნა იყო, სადაც ბავშვს სწავლის მიმართ სიყვარულს და მოტივაციას გაუღვივებდნენ. მცდელობის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ამგვარი იდეალური სკოლა ვიპოვე“.
სკოლების შესახებ ინფორმაციის გაცნობით დაინტერესებულია მასწავლებლობის მსურველი ნათია გიგაურიც. მან 2016 წელს ისტორიაში საგნის გამოცდა ჩააბარა, რის შემდეგაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების ერთწლიან პროგრამაზე ჩაირიცხა. რამდენიმე თვეში სწავლას ასრულებს, ამიტომ სკოლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება უკვე დაიწყო.
 „ჩემთვის, როგორც მომავალი მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, მეტი ინფორმაცია გავიგო უშუალოდ სკოლის საგანმანათლებლო პროცესის შესახებ. მაინტერესებს, როგორია სკოლის შიდაკულტურა, მაგალითად, როგორია მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დამოკიდებულებები. როცა მასწავლებლობა გინდა, ასეთი ინფორმაციის ცოდნა საჭიროა.რა თქმა უნდა, იმ ადამიანისთვის, ვისაც მასწავლებლობა სურს, მხოლოდ მშრალი ინფორმაცია სამუშაო გრაფიკისა ან ანაზღაურების შესახებ საკმარისი არ არის“,- ამბობს ნათია გიგაური.
რა სახის ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ სკოლების შესახებ? გიორგი გახელაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, რომელთა თანახმად სკოლა „დახურული ინსტიტუციაა“,  დაინტერესებულ ადამიანებში ხშირ შემთხვევაში სკოლების შეფასებისას არასათანადო, საჭიროებიდან „აცდენილ“  კითხვებს ბადებს. შედეგად კი, უმეტეს შემთხვევაში, მშობლები სკოლის შესახებ ინფორმაციის მიღებისას მეორეხარისხოვან, ტექნიკურ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა: სასწავლო დღის რეჟიმი, არდადეგების განრიგი, სკოლის მატერიალური თუ ჰიგიენური პირობები, ინფრასტრუქტურა, ისწავლება თუ არა რაიმე გაძლიერებულად, ვინ სწავლობს სკოლაში, რაც ძირითადად უკავშირდება სასკოლო კონტინგენტის სოციალურ-ეკონომიკურ-გეოგრაფიულ სტატუსს. რამდენად უწყობს ხელს სკოლა, რომ მოსწავლემ ეროვნული გამოცდები ჩააბაროს, რამდენად „დამნდობია“ იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებიც რეპეტიტორებთან ემზადებიან.
ამის პარალელურად კი, როგორც გიორგი გახელაძე ამბობს, მშობლები ნაკლებად ინტერესდებიან სწავლის შინაარსით: როგორ ხდება მოსწავლეების შეფასება, როგორია სწავლის მეთოდები და სასწავლო გარემო, რამდენად უწყობს სკოლა ხელს ბავშვების დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას და ა.შ. მისი თქმით, სწორედ ამ კითხვებზე სრული პასუხი იძლევა სკოლაში განათლების ხარისხის შესახებ ნათელ წარმოდგენას. თუმცა ამ კითხვებზე საპასუხოდ სკოლები დღეს ნაკლებად აგროვებენ და ავრცელებენ ინფორმაციას.
როგორც გიორგი გახელაძე ამბობს, დღესდღეობით დაწყებულია „პრიმიტიული მცდელობები“, რომ შეიქმნას ონლაინსაძიებო სისტემები, სადაც სკოლების შესახებ ინფორმაცია მოიყრის თავს. თუმცა, ამ კატალოგებში განთავსებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არასაკმარისი და ზოგადია, სრულყოფილ წარმოდგენას არ ქმნის სკოლების შესახებ.  
გიორგი გახელაძე განათლების სამინისტროს ერთ-ერთი ს(ს)იპ-ის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) შესახებაც საუბრობს,  რომელიც სკოლებზე რაოდენობრივ სტატისტიკურ მონაცემებს აგროვებს: „თუმცა ეს რაოდენობრივი მონაცემებიც, რომლებსაც დაინტერსებული ადამიანები ვებგვერდის მეშვეობით ეცნობიან, დაგვიანებული, მოძველებული და არასრულყოფილია“.
უშუალოდ სკოლის საგანმანათლებლო პროცესის ამსახველი თვისებრივი ინფორმაცია კი, გიორგი გახელაძის თქმით, დღესდღეობით ხელმისაწვდომი არ არის. ის მიიჩნევს, რომ ინიციატივა სკოლიდან უნდა მოდიოდეს, ამგვარი ინფორმაციის მომპოვებელიც და გამავრცელებელიც თავად სკოლა უნდა იყოს. რაც, თავის მხრივ, სკოლების ღიაობასა და საზოგადოებასთან თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

http://liberali.ge/articles/view/28200/ra-vitsit-skolebis-shesakheb