25.09.2019

მადლობა გულნარა მასწავლებელს!

გულნარა კრავჩენკო

მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენი სკოლის სამმა ღირსეულმა ადამიანმა შეწყვიტა პედაგოგიური მოღვაწეობა. სახელმწიფომ მათთვის ჯილდოს სახით ორი წლის სახელფასო ანაზღაურება  დააწესა.
        გთავაზობთ ქალბატონ გულნარა კრავჩენკოს  მცირე კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:
       ,,1974    წლიდან ვმუშაობდი სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში. ვასწავლიდი რუსულ ენასა და ლიტერატურას. ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ არსებობს ცხოვრებაში მომენტები, როცა უნდა მიიღო ურთულესი გადაწყვეტილებები. სწორედ ასეთი იყო  ჩემთვის პედაგოგიური საქმიანობის შეწყვეტა სკოლაში. რაც შეეხება ჯილდოს - სიმართლე გითხრათ - არ მოველოდი და, რა თქმა უნდა, მესიამოვნა მთავრობის გადაწყვეტილება. მასწავლებლები, რომლებსაც სამოქალაქო ომის პერიოდშიც კი დღე არ გაუცდენიათ, უხელფასობის დროსაც კი არ შეუწყვეტიათ პროფესიული მოღვაწეობა, ნამდვილად იმსახურებდნენ ამ ჯილდოს.
      ამ გადაწყვეტილებით გზას ვუთმობ ახალ თაობას პედაგოგის პროფესიაში შემოსასვლელად. სახელმწიფოსგან მიღებულ ჯილდოსაც ჩემს ოჯახს მოვახმარ. გასახარია ისიც, რომ მიუხედავად პროფესიიდან წასვლისა, სახელმწიფო მასწავლებლის  დაზღვევის უფასო პაკეტსაც გვთავაზობს.
      მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, შესანიშნავ პედკოლექტივს, დირექციას! მადლობა სახელმწიფოს, რომელმაც დამაფასა!“