11.10.2019

ქალბატონ ლალი ფეტელავას ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!


ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასებისა და რუსული ენის მასწავლებელ ლალი ფეტელავას რამდენიმე დღის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა!
    ლალი მასწავლებელს წარმატება  მოსწავლეთა მშობლებმა - ბელა ბუკიამ და ფატიმა ქირიამ მიულოცეს!  

  ბელა ბუკია - მეცხრეკლასელი წარჩინებული მოსწავლე მაკა კობახიძის მშობელი:
     მასწავლებლისთვის ბავშვების სიყვარულზე დიდი ჯილდო რა უნდა იყოს!  ეს ერთეულთა ხვედრია. ქალბატონმა ლალი ფეტელავამ დაიმსახურა ეს უანგარო გრძნობა თავის მოსწავლეებში! ის ჩემი შვილის პირველი მასწავლებელი იყო.  მაკა უკვე მეცხრე კლასშია და ლალი მასწავლებელი ახლაც ასწავლის. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი ლალი მასწავლებელი როგორც დაწყებით კლასებში, ისე რუსულ ენაში - ორივე მიმართულებით სერტიფიცირებული მასწავლებელია. მგონია, რომ ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს ჩემს შვილს ლალი მასწავლებლის დამსახურებით: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის სწორად განაწილება, უფროსისადმი პატივისცემის გრძნობა და სხვა ბევრი რამ, რაც სწორად ცხოვრებისთვისაა საჭირო.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი შვილებისთვის და მივულოცო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი!

ფატიმა ქირია - წარჩინებული მოსწავლეების - ანა და თეიმურაზ კვიკვინიების მშობელი:
   პირველ რიგში ვულოცავ ლალი მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს! მართლაც იგი ერთერთი გამორჩეული პედაგოგია და მგონია, რომ მეტსაც იმსახურებს! ისე მოხდა, რომ ჩემი შვილების (ორივეს) პირველი მასწავლებელი იყო. თემოს ნაკადი პირველი იყო სკოლაში, ვისაც ბუკებით სწავლამ მოუწია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ლალი მასწავლებელი ყველა კარგ სიახლეს ითვისებდა და გადასცემდა ბავშვებს. თემომ სწორედ მისგან ისწავლა, თუ როგორ გამოეყენებინა სწორად ბუკი. ბავშვებმა ხალისით, თამაშ-თამაშით ისწავლეს მათემატიკა. მახსენდება დაუვიწყარი ,,ანბანთქება“ ანას კლასში. იმხელა შრომა იყო ჩადებული 2-საათიან პროგრამაში. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება ლალი მასწავლებელზე, რომელიც თავის სათქმელს ყოველდღიური შრომით ამბობს.
მადლობა მას ყველაფრისთვის!
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ასევე ულოცავს ქალბატონ ლალის წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!