05.10.2019

ქალბატონ ნინო კვიკვინიას ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!


ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ნინო კვიკვინიას რამდენიმე დღის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა!
    ნინო მასწავლებელს წარმატება მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა, ამჟამად სტუდენტებმა,  ბექა ბუკიამ და ირინა ბერაიამ მიულოცეს!  

ბექა ბუკია:
       ,, მინდა მთელი გულით მივულოცო ქალბატონ ნინოს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი!  ადრე თუ გვიან ეს ასე უნდა მომხდარიყო, იმდენად გამოარჩევდა  მას თავისი საქმისადმი სიყვარული, პროფესიონალიზმი. მათემატიკა არაა მარტივი, მაგრამ პირადად ჩემთვის პრიორიტეტული საგანი იყო და მეტწილად ნინო მასწავლებლის ფაქტორმა განაპირობა ჩემი მათემატიკური უნარების გაღრმავება. მათემატიკის სიყვარულით მოხდა ისე, რომ ჩვენი ურთიერთობა მოსწავლე-მასწავლებლის ჩვეულებრივი დამოკიდებულებიდან დიდ მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდა. მე მას უფროს მეგობრად მივიჩნევ დღემდე.
საერთოდ ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, იმდენად კარგი პედაგოგები გვასწავლიდნენ. მათ შორის ერთერთი გამორჩეული სახეა ჩემთვის ნინო კვიკვინია, რომლის შრომა და ამაგი მთელი ცხოვრების მანძილზე გამახსენდება!.

ირინა ბერაია:
       ..ნინო მასწავლებელს ვულოცავ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს! რა შემიძლია ვთქვა მის შესახებ?! - კარგი მასწავლებელი! ერთი შეხედვით მკაცრ და უკომპრომისო ქალბატონის მიღმა იმალება ძალიან თბილი, მეგობრული, გვერდში ამომდგომი ადამიანი, რომლის იმედი ყოველთვის შეგიძლია ქონდეს!  გამორჩეული იუმორის გრძნობით ქალბატონი ნინო მუდამ ახერხებდა ჩემი ,,აუღებელი’’ კლასის მართვას.   მაგალითისთვის - ძალიან მარტივად შეეძლო აეხსნა ჩვენთვის, თუ რატომ უნდა გვეწერა და გვესწავლა ყოველდღე - ..ერთბაშად ერთ ქვაბ ღომს შეჭამთ?! მართალიც იყო - რისი გაკეთებაც შესაძლებელია დღეს, არ უნდა გადავდოთ ხვალისთვის.
 წლები გადის და ჩემში მატულობს მადლიერების განცდა მშობლიური სკოლის და მასწავლებლების მიმართ. ნინო მასწავლებელთან ერთად მოვიკითხავ ყველა ჩემს მასწავლებელს დიდი სიყვარულით და პატივისცემით!“

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ასევე ულოცავს ქალბატონ ნინოს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!