რუბრიკის სტუმარია ზუგდიდელი ქალბატონი, რუსული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი ნონა ხუფენია, რომელიც კონკურსის წესით 2019 წლის სექტემბრიდან სსიპ ესტატე
შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგი
გახდა.
- გაგვაცანით
თქვენი თავი რამდენიმე წინადადებით...
-
მე
ვარ ნონა ხუფენია. წლებია ვმუშაობ სკოლაში
რუსული ენის მასწავლებლად. მაქვს დიდი პედაგოგიური გამოცდილება - როგორც კერძო, - ასევე
საჯარო სკოლაში. 2010 წელს გავხდი სერტიფიცირებული
მასწავლებელი. წელს კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მომენიჭა. ვარ ადამიანი, რომელიც
აფასებს თავის პროფესიას, კეთილსინდისიერად და ერთგულად ასრულებს თავის მოვალეობას.
მიყვარს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავხადო ხვალინდელი
დღე დღევანდელზე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.
მიყვარს სიახლეები და მუდმივად ვეძებ მათ. მუდმივი ძიებისა და პროფესიული ზრდის გარეშე
წარმოუდგენელია დააინტერესო მოსწავლეები.
-
რას გაიხსენებდით თქვენი ცხოვრებიდან...
1. საყვარელი
ადამიანების დაკარგვამ არაერთხელ გამტეხა, მაგრამ შევძელი და უფრო ძლიერად დავდექი
ფეხზე. ყოველი წაქცევა უფრო მყარად მაყენებს ფეხზე...
2.
გვახსოვს ალბათ 2010 წელი,
როცა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად მასწავლებლების
მხოლოდ 10% გახდა სერტიფიცირებული, ტელევიზიით დიდი თუ პატარა მასწავლებელს განიკითხავდა.
ბედნიერი ვიყავი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მიხაროდა ის, რომ მონიტორიდან მე არავინ
მლანძღავდა...
3.
შეიძლება სასაცილოც იყოს, რასაც ახლა გავიხსენებ, მაგრამ ასეა - ადამიანებს წარმატებით
გამოწვეული სიხარულის წამების მოგონება გვიყვარს! - შარშანწინ, მართვის მოწმობის გამოცდაზე,
როცა პირველივე გასვლაზე აღმართიდან წარმატებით დავეშვი, როგორ მინდოდა
ბედნიერებისგან მთელი ხმით მეკივლა! მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ მარტო არ ვარ, ბავშვიც არ ვარ და.....
-
რა შეიცვალა თქვენთვის პირველი მაისის საჯარო სკოლაში
მოსვლის შემდეგ?
-
რა თქმა უნდა,
შეიცვალა ბევრი რამ - ახალი კოლექტივი, ახალი ურთიერთობები, ახალი მოსწავლეები, რომლებიც
უმკაცრესი გამომცდელის თვალებით გიყურებენ. თუ სითბო და სიყვარული არ აგრძნობინე და
მაღალი პროფესიონალიზმი, - მომდევნო გაკვეთილზე რისთვის მიხვალ?! მგონი ეს „გამოცდაც“
წარმატებით ჩავაბარე - ყოველმხრივ ვცდილობ ბავშვებთან არ „ჩავიჭრა“. დიდი პასუხისმგებლობით
ვეკიდები ყველა გამოწვევას, რაც კი საგაკვეთილო პროცესმა შეიძლება წარმოშვას. ბავშვების
სახელები სწრაფად გავიზეპირე. არაა მარტივი ორ სკოლაში მუშაობა. პირველი მაისის სკოლაში მოსვლის შემდეგ უკეთ ვისწავლე
დროის სწორად განაწილება. გაკვეთილებს ვგეგმავ ყოველდღიური ფიქრის შემდეგ - ვისთვის
რა აქტივობაა საჭირო, რომელ მოსწავლეს რა რესურსი მოვარგო... მასწავლებლობა ურთულესი
პროფესიაა. ძალიან ძნელია ყველა მოსწავლის პრობლემა გაითავისო და მოაძებნინო მას დაკეტილი
კარების გასაღები. თუმცა ვცდილობთ და დარწმუნებული ვარ - გასაღებსაც იპოვიან, მერე
მას კარებსაც მოარგებენ და შევლენ იმ ლამაზ სამყაროში, რომელსაც განათლება ჰქვია!
ცალკე
აღნიშვნის ღირსია პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგები. მიხარია, რომ არაჩვეულებრივ
კოლექტივში მოვხვდი!