22.10.2019

შტრიხები პორტრეტისათვის - თეა ტყებუჩავა



რუბრიკის სტუმარია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თეა ტყებუჩავა, რომელიც კონკურსის წესით 2019 წლის სექტემბრიდან სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგი გახდა.

გაგვაცანით თქვენი თავი რამდენიმე წინადადებით…

მე ვარ თეა ტყებუჩავა. დავამთავრე ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი ,,კოლხა“.  თერთმეტი წელი ვიმუშავე კერძო სკოლაში ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლად. ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მიყვარს ადამიანებთან გულახდილი ურთიერთობები, რაც, ჩემი აზრით, დეფიციტურია დღეს. ვთვლი, რომ ვარ პოზიტიური, ემოციური, ენერგიული, მეგობრული.  საქმისადმი და ადამიანებისადმი ერთგულება ჩემი სტიქიაა.


ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რამ თქვენი ცხოვრებიდან...

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. პირველი, რამაც ჩემს ბავშვობას დაღი დაასვა - აფხაზეთის დაკარგვაა, რასაც მალევე მოყვა ჩემი ოჯახის უდიდესი ტრაგედია - უსაყვარლესი ძმის დაკარგვა. ის იყო ჩემთვის უდიდესი ხელოვანი, ერუდიციით გამორჩეული პიროვნება. სწორედ მის სახელს უკავშირდება ჩემი შემოქმედებითი გზა, პროფესიული არჩევანი. მესამე მნიშვნელოვანმა ფაქტმა კი თითქოს ჩემი ცხოვრების  ყველა ტკივილი დამიამა - დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მეწოდა სანუკვარი სიტყვა - ,,დედა“!

რა შეიცვალა თქვენთვის პირველი მაისის საჯარო სკოლაში მოსვლის შემდეგ?

საჯარო სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს, ამდენად პირველი მაისის საჯარო სკოლაში მუშაობა ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის. ვთვლი, რომ საინტერესო სასკოლო ცხოვრების თანამონაწილე ვიქნები. ვგეგმავ კარიერულ წინსვლას, ველი სიახლეებს. შინაგანად გიხარია მისვლა იქ, სადაც მოსწავლეების ღიმილიანი და სანდომიანი სახეები გხვდება! ღვაწლმოსილ, პროფესიისადმი ერთგულ პერსონასთან თანამშრომლობა საინტერესო და მრავალფეროვანია! მგონია, რომ ჩემი საქმისადმი დამოკიდებულებით პირველი მაისის საჯარო სკოლის არაერთი მოსწავლე შეიყვარებს სახვით და გამოყენებით ხელოვნებას! დაეუფლება ხატვის და ხელოვნების ისტორიის საიდუმლოებას!  დარწმუნებული ვარ, ბავშვებთან და თანამშრომლებთან ერთად წინ უამრავი წარმატება გველოდება!